მთელი საქართველო გულშემატკივრობს ავარიის შედეგად დაშავებულ დებს. შემთხვევა გასულ თვეში ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, გზაზე გადადიოდნენ.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი ექიმების დამსახურებით გოგონების მდგომარეობა გაუმჯობესდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და უფრო მეტიც, ნიაკო და თათული უკვე გონზე მოვიდნენ. სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი აქვეყნებს
თვე ნახევრის წინ ამ ორ მზის სხივა და ღიმილა გოგოს ავტომობილი შეეჯახა და მდგომარეობა საშინლად მძიმე იყო…
ერთი ბავშვი მ. იაშვილის კლინიკაში იყო, მეორე – New Hospitals -ში… სხვადასხვა სახის დაზიანებით და სხვადასხვა სახის ბრძოლით… ხოდა სახელებად რომ ვიცოდეთ რა და თუ ვინმე იცნობთ, უთხარით რომ ყველაზე ჩემპიონები არიან! ვინც პირველები ოპერაციაზე შევიდნენ… ლევან ტარუაშვილი და ირაკლი თოიძე… რეანიმაციის უფროსები: დავით ციბაძე და მაკუნა თევზაძე…
დაიწყეს, დაიწყეს და არ გაჩერდნენ! სამწუხაროდ ყველას სახელი არ ვიცი… ექიმები, ექთნები, თანამშრომლები… მერე ჩვენც გავიგეთ ეს ამბავი და სხვის ანგარიშებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ 60 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ ერთ დღეში! მაგრამ ყველაზე დიდი ჩემპიონი, ჩემი ახალი მეგობარი, სოფიო ხარშილაძე მგონია, პატარების დედა…
მან თქვა, რომ ზუსტად ისე იქნებოდა, როგორც მას სურდა! როგორც შვილებზე შეყვარებულ დედას უნდოდა! ხოდა, სულ ორი წამით დავივიწყოთ ვინ საით მივდივართ და საით მიგვეჩქარება… ვის როგორ გვინდა და როგორ გამოგვდის… ვინ რა მოვიგეთ და ვინ რა წავაგეთ… ყველამ, სულ ყველამ გავიმარჯვეთ! სიკეთემ გაიმარჯვა ბოროტებაზე… სინათლემ გაიმარჯვა სიბნელეზე… სიყვარულმა სიძულვილზე და რაც მთავარია… სიცოცხლემ! სიცოცხლემ! სიცოცხლემ გაიმარჯვა სიკვდილზე! ქრისტეს გზა რომ არის…
ღმერთის გზა რომ არის… ჩვენში რომ არის და ჩვენი ძალაა… აი, მაგ ძალამ გაიმარჯვა! ნიაკოს და თათულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თათუს აღარ დასჭირდა თავის შუნტირება, ნიას დღეს აუწყვეს თავის ქალა, ორივე გონზეა და ემოციებს, კი იხარე… ცოტა ცრემლებს ღვრიან, მაგრამ თვე ნახევარი მეც რომ მეძინოს და მწვადი არ შევჭამო, მეც ვიტირებ…
ეს ხუმრობით, მაგრამ ახლა ნამდვილად გვაქვს საქმე გასაცინად… გასაღიმად… გასახარად! წინ რთული და გრძელი რეაბილიტაციის პროცესია, მაგრამ ისეთი მაგარი გოგოები არიან… ისეთი… ისეთი… დედამიწას გადადგამენ და თავის თავს კი არა ჩვენც კი მოგვხედავენ… დედამიწის ანგელოზებო… ასეთი ხუმრობები აღარ იყოს! სამყარო უნდა გააფერადოთ!” – წერს ელოშვილი.