ქართველი მეცნიერი და ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„მშვიდობით განისვენე მამი, ჩემო უაღრესად კეთილო და სათნო ადამიანო. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. შეხვედრამდე“, – წერს შვილი მარიკა სარჯველაძე სოციალურ ქსელში.
ნოდარ სარჯველაძე ბათუმში დაიბადა. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1968-1971 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი. მისი მეცნიერული კვლევის მიმართულებებია: პიროვნების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემები. ნოდარ სარჯველაძე იყო ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1988 წელი), პროფესორი, ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის დამფუძნებელი.