თბილისში ტრაგიკულად დაღუპული ქალის შვილი მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დედამისი აქციაზე მის დასახმარებლად მიდიოდა.
“ყველამ ვიცით, ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული. თუმცა ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა, ამაზრზენია!
დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!” – წერს გარდაცვლილის შვილი.
ტრაგედია დატრიალდა წუხელ თბილისში. ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ის რუსთაველის გამზირზე შვილის სანახავად მიდიოდა. შემთხვევა “ჰუალინგთან” მოხდა.
როგორც გავარკვიეთ გარდაცვლილი ქალბატონი ელზა მებურიშვილია.
“ჩემი თანამშრომელი იყო, თავადაც ხშირად დადიოდა აქციებზე, როგორც გავიგეთ შვილის წამოსაყვანად მიდიოდა წუხელ რუსთაველზე და გზაში ეს ტრაგედია შეემთხვა, ავტობუსი დაეჯახა და მრავლობითი ტრავმით კლინიკაში მალევე გარდაიცვალა” – ყვებიან გარდაცვლილის ახლობლები.
“ეს ფოტო იყო ბოლო, წუხელ რაც გამომიგზავნე აქციიდან და გაფრინდი… Რა გეჩქარებოდა” – წერს ვახო კანკავა და აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ელზა მებურიშვილისგან ბოლოს მიიღო.