გუშინ თბილისში, მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ შემზარავ ფაქტს სამართალდამცველები ამ დრომდე იძიებენ. 30 წლის ლაშა ამირეზაშვილის სასტიკ მკვლელობას უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ლაშა მეტროში მატარებლის მოსვლას ელოდებოდა, როცა მოულოდნელად, ხალხის თვალწინ, მას მამაკაცმა ზურგიდან ხელი ჰკრა და ლიანდაგში ჩააგდო. უმძიმესი ტრაგედიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
ძნელია, ამ კადრებს ემოციების გარეშე უყურო.კადრებშიც ჩანს, რომ მაშინვე ატყდა ჩოჩქოლი, მემანქანემაც სცადა დამუხრუჭება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარ შეძლო და ბიჭი უამრავი ხალხის თვალწინ, ადგილზე დაიღუპა.ყველაფერი ისე წამებში მოხდა, რომ მემანქანემ მატარებლის გაჩერება ვერ შეძლო. ცნობილია, რომ იქვე დააკავეს დამნაშავე. პოლიციის მისვლამდე მისი დაკავება უბრალოდ გამვლელმა და მეტროს ერთმა თანამშრომელმა შეძლო.
- როგორც ირკვევა, დამნაშავე არ იცნობდა მოკლულ ახალგაზრდას. გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდოა, რომ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რადგან ფაქტის თვითმხილველების თქმით, მას არაადეკვატური ქცევები ჰქონდა და იმასაც ამბობენ, იცინოდაო.
რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება, ეს, სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი და, ალბათ, დაკავებულს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. რა ჩვენება მისცა დამნაშავემ გამოძიებას, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.როგორც ირკვევა, 30 წლის მამაკაცი ლაშა ამირეზაშვილია, კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკის მაცხოვრებელი. მომხდარს ძალიან განიცდიან მის სოფელში.
ჩვენ ვესაუბრეთ მერის წარმომადგენელს სოფელ ზემო ხანდაკში ვლადიმერ მარღიშვილს:
– ლაშა ჩვენი მაცხოვრებელია და ვიცნობდი, რა თქმა უნდა. მისი ოჯახი აქ ცხოვრობს, ერთი და ჰყავს. თბილისში, დაახლოებით, 5-6 წელია, რაც დადიოდა და მუშაობდა. ამ ბოლო დროს არ დამინახავს სოფელში. კარგი ბიჭი იყო, ნორმალური, 1994 წელს არის დაბადებული, 30 წლის, არ არის დაოჯახებული. მამა მუსიკოსია. მომხდარზე არაფერი ვიცით. ამ დილით გავიგე ეს ამბავი და დეტალები არ ვიცი, ჯერ არ გადავსულვარ ოჯახში, რადგან არ იყო ცხედარი მოსვენებული. უბანშიც არავინ არაფერი იცის: ვინ იყო დამნაშავე და არ ვიცით, რა უნდოდა მასთან. ლაშა აგრესიული ბიჭი არ იყო, არც კონფლიქტური, რომ ვინმესთვის რამე დაეშავებინა, რატომ უნდა მომხდარიყო ეს?.. ყველანი ძალიან ვწუხვართ და თანავუგრძნობთ ოჯახს...