უმძიმესი ტრაგედია გუდაურში წუხელ დატრიალდა. დღეს დილით 12 ადამიანის ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს. გარდაცვლილებიდან 11 უცხო ქვეყნის, ინდოეთის მოქალაქეა, ხოლო ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონა ქართველია, 25 წლამდე ასაკის. ის ინდურ რესტორანში მიმტანად მუშაობდა.
როგორც ირკვევა, ინდოეთის მოქალაქეს ახალი გუდაურის ასასვლელთან მარსაგიშვილების კერძო სახლი ჰქონდა ნაქირავები, სადაც პირველ სართულზე იყო ინდური რესტორანი “ჰაველი”, მეორე სართულზე კი – რესტორნის თანამშრომლების მოსასველენებელი ოთახები, სადაც ღამით ეძინათ. სწორედ მეორე სართულზე დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია.
“კერძო სახლია, რომელიც ეკუთვნის მარსაგიშვილებს, მათ მთლიანად ჰქონდათ გაქირავებული. პირველ სართულზე იყო ეს რესტორანი და მეორეზე – საძინებელი ოთახები. წუხელ საშინელი ქარიშხალი და სიცივე იყო, ამიტომ გაითიშა ელექტროენერგია გუდაურში. როგორც ირკვევა, მათ გენერატორი შიდა სივრცეში შეიტანეს და მთელი ღამე ამუშავეს. საუბედუროდ, გამონაბოლქვით არიან გარდაცვლილები, ვერც ერთმა ვერ შეძლო გარეთ გასვლა.
დილით, ჩვეულებრივ, პროდუქტებით დატვირთული მივიდა მამაკაცი, რომელიც ამ რესტორნის თანამშრომელია – არავინ რომ არ დახვდა რესტორანში, ეტყობა, მოიკითხა ისინი, ავიდა მეორე სართულზე, სადაც მათ ეძინათ და იქ მისულს ეს საშინელი სურათი დახვდა. ორი ახალგაზრდა კართან იყო გარდაცვლილი, ხოლო დანარჩენები თავიანთ საძინებელ ოთახებში ნახეს.
შემთხვევის ადგილზე მივიდა სახლის მეპატრონეც, სამწუხაროდ, 12-ვე გარდაცვლილი იყო. ეს არის უბედური შემთხვევა და გამოწვეულია იმით, რომ თვითონ სახლის შესასვლელში ედგათ გენერატორი. ეტყობა სციოდათ და დენის გამათბობელი ამ გენერატორზე ჩაურთავთ, გაუღიათ ოთახების კარები, ალბათ იფიქრეს, რომ ასე გათბებოდნენ და საუბედუროდ, გამონაბოლქვით მოიწამლნენ.
ორმა მათგანმა ეტყობა თავი ცუდად იგრძნო, გაიღვიძეს, მაგრამ ვერ მოასწრეს კარის გაღება და გარეთ გამოსვლა. თითქმის გარეთა კართან იყვნენ მისულები და იქ იყვნენ გარდაცვლილები. გულიც აერიათ ინტოქსიკაციის შედეგად.
ყველა გარდაცვლილი ახალგაზრდაა, ასაკოვანი არავინ იყო. მათ შორის ერთი გოგონა ქართველია, 25 წლამდე ასაკის. მიმტანად მუშაობდა. გარდაცვლილებს შორის არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.
თავიდან ითქვა, რომ თითქოს გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპნენ, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. იმ სახლის შიდა სივრცეში არაა დამონტაჟებული არც გენერატორი, არც გაზის კალონკა, არაფერი მსგავსი. სახლს აქვს ცალკე საქვაბე, თუნდაც იმ საქვაბეში რომ ჩაერთოთ ეს გენერატორი, რადიატორები ამუშავდებოდა და ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გენერატორის სახლში დამონტაჟება და ჩართვა კატეგორიულად არ შეიძლება.
ასეთი ტრაგედია ამიტომ დატრიალდა. ყველა ოთახის კარი ღია იყო, გენერატორზე დენის გამათბობელი შეაერთეს და წესით ასე თბებოდნენ და სინამდვილეში, ამ გამონაბოლქვით მოიწამლნენ, მოხდა ინტოქსიკაცია და ყველა ადგილზე დაიღუპა”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ადგილობრივმა.
კვირის პალიტრა