რეგიონებში საახალწლო კონცერტების სერია გუშინ ახალციხეში გაიხსნა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მომღერლებისთვის ჯამში 41 ათასი ლარი გამოყვეს, საიდანაც ნუცა ბუზალაძეს 18 000 ლარს, ზუკა ხუციშვილს 10 000 , მირზა მოდებაძეს 8 000, გია ნიკოლაძეს კი 5 000 ლარს გადაუხდიან.
ახალციხის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. გრანდიოზულ კონცერტზე ახალციხელების განწყობაზე ნუცა ბუზალაძემ, მირზა მოდებაძემ და სოფო პაპუაშვილმა იზრუნეს. ღონისძიებას ეკო ფანგანი უძღვებოდა.
კონცერტზე არ ჩანდნენ გია ნიკოლაძე და ზუკა ხუციშვილი, სავარაუდოდ მომღერლები მთავარ მოედანზე ახალი წლის ღამეს იმღერებენ.
კონცერტის დასრულების შემდეგ, ბუზალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს კიდევ ექვს ქალაქს ესტუმრება და თარიღებს მალე გამოაქვეყნებს.
ნუცა ბუზალაძე ახალციხეში კონცერტზე გამოსვლამდე გუშინ, გადაცემა „იმედის დღეს“ დისტანციურად ჩაერთო:
“გრემის“ მოსაწვევი ერთი კვირის წინ მივიღე, სხვათა შორის, ვფიქრობდი, გამეზიარებინა თუ არა მაყურებლისთვის, რადგან წინასწარ არ მიყვარს არაფრის დადება. იმდენად აჟიტირებული და იმდენად გამიხარდა ვიყავი, მინდოდა, ჩემი გულშემატკივრებისთვისაც გამეზიარებინა. გრემის დაჯილდოება იქნება 2 თებერვალს, არც ნომინირებული ვარ და არც ვმღერი, სტუმრის სტატუსით ვიქნები. იმედი მაქვს, რომ ისიც მალე იქნება, რომ ნომინირებულიც ვიქნები.
წამყვანის კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა „გრემის“ ოფიციალურ გვერდს მისწერა, რომ ნუცა ბუზალაძე აღნიშნულ ღონისძიებაზე არ დაუშვან.
– ბულინგი და შემოტევები ჩემთვის სიახლე არ არის, ამას უკვე ორი წელია, ამ ყველაფერს მყარად ვუძლებ. მართლა არ ვიფიქრებდი, რომ ქართველი ქართველს ოდესმე ასე გაიმეტებდა, შენი თანამემამულე ამხელა წარმატებას რომ აღწევს, როცა უცხოეთში, ქართველი, ასეთი პატარა ერის წარმომადგენელი წარმატებას აღწევს, ჩემი აზრით, როგორი პოლიტიკური შეხედულება და განსხვავებული აზრიც უნდა ჰქონდეს, თუ მართლა გიყვარს შენი ქვეყანა, ასე მოქცევა არ შეიძლება.
იცით, რატომ მიყვარს ამერიკა? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ამის გამო არავინ არავის არ ბლოკავს. მეორეც სტუმრის სტატუსიც ბევრი ადამიანია იქ მიწვეული და ყველას სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვს.
მე მინდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ წარმატებულები და შემდგრები, არ შეიძლება ამხელა სიბოროტით ვერავინ ვერაფერს დამაკლებს და ჩემს საქმეს არაფერი გააფუჭებს, ძალიან ბევრს ვშრომობ და ამას ყველა ხედავს. ცოდოები არიან ასეთი ადამიანები, გულით ამხელა სიბოროტის ტარება არ შეიძლება“ – განაცხადა ბუზალაძემ.
წყარო: ambebi.ge