1-ლი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები იზრდება. კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს.
ამასთან, 1-ლი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ, პოლიციელებს და ჯარისკაცებს. გარდა ამისა, 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; ასევე დაგეგმილია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების მატებაც.
მომავალი წლიდან გაიზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურებაც. იმ თანამდებობის პირებს შორის, რომელთა ანაზღაურებაც ყველაზე მეტად გაიზრდება, არიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარეები; პარლამენტის წევრები და ა.შ.
უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს გამოსათვლელად შესაბამისი კოეფიციენტები გამოიყენება. ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო. კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს რაც შეეხება, ყველაზე დაბალი 8 კოეფიციენტი განსაზღვრულია პარლამენტის წევრების გასამრჯელოზე.
ცნობისთვის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება.
2025 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 460 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. შესაბამისად გამოდის, რომ პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის წლიური შემოსავალი ამ თანამდებობებზე წლიურად 175 200, ხოლო თვიურ ჭრილში 14 600 ლარი იქნება. თუ ამას გამოვაკლებთ 20%-იან საშემოსავლოს, გამოდის რომ ამ თანამდებობებზე წლიური სარგო 140 160 ლარი იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს (კოეფიციენტი 9.2) 2025 წლიდან სარგოს სახით, წლიურად 161 184 ლარი, თვეში 13 432 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს (კოეფიციენტი 9) – წლიურად 157 680 ლარი, თვეში 13 140 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარეს (კოეფიციენტი 8.6) – წლიურად 150 672 ლარი, თვეში 12 556 ლარი; პარლამენტის წევრებს კი (კოეფიციენტი 8) – წლიურად 140 160 ლარი, თვეში 11 680 ლარი. (შენიშვნა: აღნიშნულ თანამდებობრივ სარგოს გამოკლებული არ აქვს საშემოსავლო 20%-ანი გადასახადი).