სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დიდი ხმაური მოჰყვა. წუხელ დაიწერა, რომ მცირეწლოვანი ბავშვი წყლით მოიწამლა და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
“გაფრთხილებთ ყველას, ჩემს თანამშრომელს ველაპარაკე ახლა, 4 წლის ბავშვმა ბაკურიანის “ციდა” დალია, საკურიერო მომსახურებით გამოწერილი, თავისი ხელით მისცა დედამისმა, დალია და ბავშვს სრული ისტერიკა დაემართა, მეწვისო, დედამაც მოსვა და მასაც დაეწვა პირის ღრუ, მაგრამ გადაანერწყვა… ამჟამად, ბავშვი გადაყვანილია იაშვილის კლინიკაში, ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში და იქ მიყვანისას იგი სრულ ისტერიკაში იყო, ჩამწვარი აქვს პირი, ხახა, საყლაპავი, კუჭი და ის სითხე ტანსაცმელს რომ დაასხეს, იმ ადგილას ფერი გაუვიდა, რაღაც ნივთიერება იყო, ექიმმა კი თქვა ქლორი ხომ არ არისო. ახლა სამხარაულის ბიუროში წაიღეს ექსპერტიზაზე”, – ასეთი შინაარსის ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა ახალგაზრდა ქალმა თავისი შვილის მეგობრების მშობლებს და სიფრთხილისკენ მოუწოდა.
სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციამ დიდი ხმაური გამოიწვია და მთელი დღეა, განსჯის თემაა.
ამ დრომდე, ყველა ოფიციალურ პასუხს ელოდებოდა თავად კომპანიისგან და ცოტა ხნის წინ, “IDS ბორჯომი საქართველომ”, რომელიც ამ წყალს აწარმოებს, ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხის შემდეგ მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა. პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და
ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ასევე, გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას”- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-0:02
ბავშვი იაშვილის კლინიკაში იმყოფება, ჩვენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს დავუკავშირდით, თუმცა ის პაციენტის მდგომარეობაზე და სხვა დეტალებზე მედიასთან არ საუბრობს:
“სამწუხაროდ, პირად ინფორმაციას მესამე პირზე ვერ გავცემთ, ამის უფლება კანონით არ გვაქვს, იურისტისგან მაქვს ეს თხოვნა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკის მხრიდან კომენტარი ვერ გაკეთდება. იგი რჩება ადგილზე და განაგრძობს მკურნალობას. როგორც ვიცით, გამოძიება დაწყებულია, სხვა საკითხებზე კი ვერ გავაკეთებთ კომენტარს, ბოდიში”, – გვითხრა მან.
იგივე გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
“ბავშვი წევს კერძო კლინიკაში და მშობლის თანხმობის გარეშე ინფორმაციის გაცემა არ შეიძლება, მიზეზი რა არის, ამას კლინიკა ვერ იტყვის, შესაბამისი უწყებები იტყვიან.”
კიდევ ერთი უწყება, სადაც ამ ინფორმაციაზე დეტალების გარკვევა ვცადეთ, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოა, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ:
“ნებისმიერ შემთხვევაში სააგენტო მოკვლევას ჩაატარებს და შესაბამის განცხადებას გავაკეთებთ. სურსათის ეროვნული სააგენტო ასეთი სახის ინფორმაციაზე მოკვლევას ყოველთვის ატარებს”, – ამბობენ იქ.
ჩვენი ინფორმაციით, ბავშვის მამამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზე უკვე მიიტანა ბოთლი და სავარაუდოდ, ექსპერტიზის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი და გაირკვევა, რა ნივთიერება ესხა ბოთლში და რით მოიწამლა პატარა.
სოციალურ ქსელში უამრავი ვერსია ვრცელდება. ზოგიერთი წერს, რომ ბავშვი იყო აუზზე, წყლიდან რომ ამოვიდა, ამის შემდეგ ატყდა განგაში, რადგან ბავშვს პირი დაეწვა, ზოგიერთი იმასაც წერს, რომ ბავშვი სახლში იყო და შეცდომით აიღო სხვა ბოთლი, რომელიც იდო იქვე, ანალოგიური ფორმის პლასტმასის ბოთლში. იმასაც წერენ, რომ იმაში ქლორი იყო.
“აქ წევს ეს ბავშვი, მეც აქ მიწევს ჩემი შვილი. თუ ერთი და იგივე ბავშვზეა საუბარი, ბოთლში ბებომ ქლორი ჩაასხა და ბავშვმა დალია, დამწვარი აქვს პირ-ხახა და ნაწლავები, როგორც ამბობენ”, – ამბობს ერთი ბავშვის დედა, რომელიც იმავე კლინიკაშია.
რა გახდა რეალურად ბავშვის მოწამვლის მიზეზი, ამას ალბათ მალე ექსპერტები გაარკვევენ. მთავარია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, როგორც ამას სოციალურ ქსელში წერენ. მოგვიანებით განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტოც გააკეთებს.
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია:
„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება. დღევანდელი დღის მონაცემებით, ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი. ინტოქსიკაციის მიზეზები შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
kvirispalitra.ge