
რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკის ზედოზირებით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. დაღუპული ექიმი ანესთეზიოლოგი გიორგი გელდიაშვილია.
ახალგაზრდა მამაკაცი 14 თებერვალს დაკრძალეს. შვილმკვდარი დედა ნინო გელდიაშვილი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.
- გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ არ სურს ტყუილის თქმა, თითქოს მისი შვილი გულის ან სხვა პრობლემებით დაიღუპა. პირიქით, როგორც ქალი ამბობს, სურს ხმამაღლა ისაუბროს პრობლემაზე, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია და მთელი ცხოვრება “ბარიგებთან” ბრძოლას მიუძღვნას.

“მე არ ვიკადრებ ტყუილს და არ ვიტყვი, გულის პრობლემები ჰქონდა, უეცარი თრომბის ბრალია და ა.შ. სიმართლეს თუ დავმალავთ, მაშინ ვერც პრობლემას და ბოროტებას შევებრძოლებით. მე კი მთელი ჩემი დარჩენილი ხანმოკლე ცხოვრება ე.წ. ბარიგებთან ბრძოლას მოვახმარ, თუნდაც მომკლან, როგორც ეს ჩემი შვილის ერთ-ერთმა მკვლელმა მითხრა. ის ვერასოდეს მიხვდება, რომ ჩემთვის სიკვდილი შვებაა. მაგრამ გახარებული მოვკვდები, თუ დედებს, რამდენსაც შევძლებ, ჩემს უკიდეგანო ტკივილს ავაცილებ” – წერს ვიდეომიმართვის კომენტირებისას ნინო გელდიაშვილი.
ვიდეომიმართვაში კი ქალი ამბობს:
“ჩემი შვილი ნარკოდამოკიდებული იყო, რომლის გაყინული სხეული გუშინწინ მივაბარე მიწას. ამ ვიდეოს არ ვწერ ჩემი შვილისთვის, ამ ვიდეოს ვწერ იმისთვის, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება მოვანდომო იმას, რომ რამდენიმე დედამ მაინც არ განიცადოს ის ტკივილი, რომელსაც მე განვიცდი. ეს ვიდეო გიორგის არ ეხება მაგრამ მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ გიორგიზე. გიორგი 2 წლის იყო, როცა ზღაპრებს კითხულობდა. 5 წლის ასაკში დახურა 4 კლასი. უნიჭიერესი ბავშვი იყო.
იყო ლიცენზირებული რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი. წერდა ლექსებს, მოთხრობებს. ამხელა ნიჭთან ერთად იყო უსუსური ადამიანი, რომელიც ვერავის ვერ ეტყოდა არას. მე არ მახსოვს, რომ მას რამეზე არა ეთქვას. დიდი ნიჭი როდესაც ადამიანს აქვს, ის ამავე დროს უმეტეს შემთხვევაში, ძალიან სუსტია. თავისმა სისუსტემ დაღუპა. ასევე დავღუპე მე. მე ვერ მივაქციე სათანადო ყურადღება.
მის მკვლელებზე შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით. ყველა ბარიგას ვეუბნები, თქვენი ადგილი არ არის მზის ქვეშ… თქვენ ყველა გისოსებს მიღმა უნდა იყოთ და მე ყველაფერს გავაკეთებ, რამდენსაც შევძლებ”.
ambebi.ge