
განზრახ მკვლელობა თუ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა: 29 წლის გიორგი პაპიაშვილის დედა დარწმუნებულია, რომ შვილი მოუკლეს – რა მოხდა დიდ ლილოში
29 წლის გიორგი პაპიაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს, მისი დედა დარწმუნებულია, რომ შვილი მოუკლეს და ამაში არაერთი პირი მონაწილეობდა. ოჯახმა ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ბიჭი მიწას მიაბარა და ახლა სამართალს ეძებს.
- შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული. მას ბრალი წარდგენილი აქვს სამი მუხლით – 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ასევე 126-ე ძალადობის მუხლით და 353-ე, სამართალდამცავისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.
უმძიმესია შვილმკვდარი დედის მონათხრობი, რომელიც საქმის გადაკვალიფიცირებას და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მას მომხდარის დეტალებზე საუბარი ძალიან გაუჭირდა.
ქეთევან სამადაშვილი, გიორგი პაპიაშვილის დედა:
– ჩვენი დიდი ტრაგედია 16 თებერვალს დიდ ლილოში, ჩვენი სახლის წინ დატრიალდა. იმ საბედისწერო დღეს 16 თებერვალს, საღამოს 10-ის ნახევარზე გავიდა გიორგი სახლიდან. იქვე, მეზობელს დაბადების დღე ჰქონდა და იქ იყო დაპატიჟებული. კედლის მეზობელია ის ბიჭი, ვისთანაც წავიდა. 23 წლის ბიჭს ჰქონდა დაბადების დღე და სახლში იუბილარის მამაც იყო. როგორც მითხრეს, დაახლოებით 3-დან 4-ის ნახევრამდე პერიოდში გამოვიდნენ გიორგი და კიდევ სამი ახალგაზრდა მეზობლის სახლიდან. ღობეს შემოუარეს, დაარტყეს წრე და გიორგი სახლთან მოვიდა. მეორე დღეს მუშაობდა და რადგან ნასვამი იყო, უნდა დაესვენა. იმ სამი პირიდან ერთი ადგილობრივია, შიო გურგულიანი, ხოლო ორიდან ერთი ვარკეთილში ცხოვრობს, მეორე კი რუსთავში.
რადგან ბიჭი რუსთავიდან იყო, გიოს შეუთავაზებია მისთვის, წამოდი, ჩემთან დარჩი სახლშიო. როგორც თვითონ ამბობენ, გიორგი სახლის კართან მდგარა.. რომელსაც სთავაზობდა ჩვენთან დარჩენას იმას უთქვამს, არა, ტაქსით წავალო და ამ დროს მომხდარა წაკამათება. შენ რაღა გინდაო, უთქვამს შიო გირგვლიანს გიოსთვის, შელაპარაკებულან და ამ დროს დაურტყია ხელი შიო გირგვლიანს. როგორც ისინი ამბობენ, დარტყმის შედეგად გიორგი ძირს დაეცაო. აქაც იყო მოსული უტიფრად, ვითომ ბოდიშის მოსახდელად, მითხრა, ერთი დავარტყი და წაიქცა, დაცემის შედეგად დაშავდა, მე არ მომიკლავს, ჩემი ბრალი არ არისო. ამის შემდეგ მივარდნენ თურმე ძირს დაგდებულ გიორგის, ამბობენ ვაფხიზლებდით, გვინდოდა გონს მოგვეყვანაო. რადგან ნასვამი იყო გვეგონა ამის გამო გახდა ცუდადო. წაქცეულთან მივარდნია შიო, ამბობენ, ეძახდა გამოფხიზლდიო. ბიჭები ამბობენ ჩვენ ვასულიერებდით, წყალი დავასხით და გონზე მოვიდაო. ჩხუბის ხმა რომ გავიგე, მეც ჩავიცვი და გავედი გარეთ, მაგრამ მერე იქ არავინ დამხვდა.

ამის შემდეგ უგონო მდგომარეობაში მყოფი გიორგი იქიდან წაუყვანიათ, თურმე იქვე გულიც არევია, ამბობენ სახლიდან მოშორებით სკამზე დავსვითო, იქაც გული არევია. როგორც ჩანს უნდოდათ სახლის ტერიტორიიდან მოშორებით წაეყვანათ და ცუდად მყოფი გიორგი და მიუყვანიათ შიოს ბინაში. მას ეგონა ბინა თავისუფალი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბინა გაქირავებული ყოფილა წინა დღეების და მას არ სცოდნია. ის მდგმური რომ დახვედრია, ისევ უკან წამოსულან. ამასობაში უკვე თენდებოდა. სხვები ამბობენ, გვეგონა მთვრალი რომ იყო იმიტომ გახდა ცუდად და მერე ჩვენ წავედითო. აქვე გვერდზე აქვს გურგულიანს საკუთარი სახლი და თავის სახლში შეუყვანია გიორგი და ამდენი წანწალის შემდეგ 6 საათსა და 50 წუთზეა 112-ში დარეკილი.
ბიჭი რომ დაეცა ისიც დამალეს, რომ პოლიცია არ მოსულიყო და უთქვამთ სასმელით ინტოქსიკაციააო. სასწრაფოს ჩემი შვილი უგონო მდგომარეობაში დახვდა, კლინიკაში გაჰყვა დამნაშავე გურგულიანი და ამის შემდეგ გაიქცა იქიდან. ჩემი შვილი კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს კლინიკაში და მაშინვე საოპერაციოში, რადგან თავის არეში ჰქონდა უმძიმესი დაზიანებები. 10-ის ნახევარზე დამირეკეს საავადმყოფოდან და მითხრეს, სასწრაფოდ მოდით ძალიან მძიმედ არის თქვენი შვილიო. ოპერაცია ჩაუტარდა, ორი დღე რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და კლინიკაში გარდაიცვალა.
წარმოუდგენელია ჩემთვის მათი მონათხრობი. რომ ადამიანმა ერთი დარტყმით მიიღოს ისეთი დაზიანებები, რაც გიორგის ჰქონდა. სახეზეა განზრახ მკვლელობა, ჩემს გიორგის ფუძის ძვალი ჰქონდა ჩატეხილი, ჩალეწილი ჰქონდა თავის ქალა. ექიმმა მითხრა მძიმე ტრავმული დაზიანება აქვს თავის ტვინისო. სავარაუდოდ მას დაზიანება ბლაგვი საგნის დარტყმით მიაყენეს, სხვაგვარად ასე ერთი დაცემით ასეთ უმძიმეს ტრავმებს ჩემი შვილი ვერ მიიღებდა. ახლა ველოდებით ექსპერტიზას და დარწმუნებული ვარ, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დაკავებულ პირებს განზრახ მკვლელობისთვის ბრალს წაუყენებენ.
მოვიდა ჩვენთან მკვლელი და თქვა, ერთი დავარტყიო, მე არ მომიკლავსო, ეს არ არის სიმართლე. აქეთ იქით რომ დაატარებდნენ ჩემს შვილს ამდენი ადამიანიდან ერთმა რატომ არ დარეკა 112-ში, რატომ არ გამოიძახეს სასწრაფო, დროზე რომ მიეყვანათ იქნებ გადარჩენილიყო.
– კამათის მიზეზად რას ასახელებს გირგვლიანი?
– გურგულიანი ამბობს, რომ ერთი სიტყვის გულისთვის დაარტყა ხელი გიორგის. როგორც თავად დამნაშავე ამბობს, ჩემს შვილს უთქვამს, რა თე**ლი ხარ შენო და ამის გამო დავარტყიო. კიდევ ვიმეორებ ერთი დარტყმით ასეთ დაზიანებას ადამიანი ვერ მიიყენებდა. ვფიქრობ მას ბლაგვი საგანი ჩაარტყეს თავში, შუბლის ძვალიც გახეთქილი აქვსო მითხრა ქირურგმა. თავის არეში ასევე რამდენიმე ძვალი ჩატეხილიო. ვფიქრობ, ამ დანაშაულში სხვებიც მონაწილეობდნენ. იმედი მაქვს პოლიცია სათანადოდ გამოიძიებს ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, მოხდება საქმის გადაკვალიფიცირება და ყველა დამნაშავე აგებს საკადრისად პასუხს. როგორც ვიცი გურგულიანს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება ბრალად. სახეზეა განზრახ მკვლელობა. ასევე ედავებიან გურგულიანს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რადგან აყვანის დროს პატრულისთვის ხელი დაურტყამს. არის კიდევ ერთი დაზარალებული. პირველად გურგულიანს ხელი დაურტყამს სხვა ბიჭისთვის, რომელსაც თვალი აქვს ჩალურჯებული.
ამის შემდეგ უთქვამს ჩემს შვილს მისთვის ის სიტყვები და ამჯერად ჩემს შვილს დასხა თავს. როგორც გავიგე ვისაც თვალები ჩაულურჯა ის არ უჩივის დაკავებულს. ვეკითხები სხვებს, ვთქვათ ერთი გაგიჟდა და გამეტებით ურტყამდა, სად იყვნენ სხვები? ერთს როგორ ვერ მოერიეთ მეთქი. ან სახლში რომ ათრიეს იმ სამიდან ერთს როგორ არ ჰქონდა იმის ჭკუა რომ დაერეკა 112-ში? ჯერ კიდევ არ იყო გათიშულიო, წაეყვანათ, სანამ შეშუპება არ წავიდა ბოლომდე არ დაიფარა ტვინი, მანამდე სად იყვნენ. დროზე რომ მოეყვანათ ხომ იქნებოდა შანსი გადარჩენის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინიც ამ საქმის თანამონაწილეები არიან. უბრალოდ ჯგუფურ დანაშაულს უნდათ აცდენენ და ამიტომ ას ლაპარაკობენ. იმედი მაქვს რომ პოლიცია ყველას საკადრისად დასჯის. ჩემი შვილი დისტრიბუტორი იყო, ყველას უყვარდა, ყველა ტირის, სადაც უვლია ყველგან იკითხეთ როგორი კარგი შვილი მყავდა. ყველა დადებითად ახასიათებს ჩემს გიოს. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ ჩვენი ოჯახის განადგურებისთვის.
ambebi.ge