
“ნუ გეშინიათ ხალხო, გავმაგრდეთ, ეს თოვლი მალე წავა, მალე მოვა გაზაფხული და კარგად ვიქნებით ყველა” – რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით, ციცო ბებოს, ვიდეომ, რომელიც ამ სიტყვებითა და კარგი სიმღერის თანხლებით, იმერეთის მაღალმთიან სოფელში სიმღერ-სიმღერით თოვლის სახლის სახურავს, მთელი საქართველო მოიარა.
“ამბები” ციცო ბებოს ესაუბრა:
“ვარ ციცინო კამკამიძე, 85 წლის. ვცხოვრობ ხარაგაულის რაიონის სოფელ საბეში. სიღარიბეში, უმამოდ გაზრდილი ვარ. მამაჩემი 1941 წელს, ომში დაიღუპა, დედას მე და ჩემი ძმა დავრჩით და გაგვზარდა გაჭირვებაში. ერთადერთი ძმა საბჭოთა სავალდებულო სამსახურში დაიღუპა. მას შემდეგ შრომასა და გაჭირვებაში ვარ და კი მოვედი აქამდე. მყავს ერთი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები. საბე ძალიან ლამაზი სოფელია, ადრე უფრო დიდი იყო, ახლა იმდენი აღარ ვართ. კარგი მდინარე გვაქვს, მთა, ბუნება და ხალხი კიდევ საუცხოო.
რა გავაკეთე ისეთი, რა ვიცი, აბა მითხარით. ზამთრის წესია თოვლი, ადრე 2 სახლს ვთოვლიდი ხოლმე, ახლა ერთიც მიჭირს.
მიჩვეული რომ ვარ შრომას, ვერ მოვითმინე. მშვენივრად გადმოვთოვლე, მომეხმარნენ კიდეც. ზაფხულობით უფრო აქტიურად ვსაქმიანობ, ზამთარში – ნაკლებად. დილას უთენია ვდგები, ჯერ ძროხასთან, ჩემს ლამაზასთან ჩავდივარ ბოსელში, რომ მოვუარო. ქათმებიც მყავს. ადრე ბევრი ძროხები მყავდა, თხებიც, ახლა აღარ შემიძლია. ჩვენ სოფელში ადრე იცოდა ხოლმე დიდთოვლობა, მერე მივეჩვიეთ, რომ აღარ მოდიოდა, ახლა კარგი მაგარი თოვლი მოვიდა, 2 მეტრი, მაგრამ გავუმკლავდებით, არ შევშინდებით.
ვიდეოს ჩემი ქალიშვილი მიღებდა. მას ცოტა წონა აქვს და ვერ ამოდის, მე მჩატე ვარ და იმიტომაც მოვექეცი კიბის თავში. ამ ვიდეოთი იმდენი ადამიანის სიყვარული ვიგრძენი, მთელმა მსოფლიომ გაიგო ჩემი ამბავი. ყველა მომეფერა. არ ვიცი რით დავიმსახურე ამხელა სიყვარული, გაიხარეთ ხალხო, ჩემ მხნედ მოიყარეთ”.
ambebi.ge