
საბადურის ტყეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სამწუხაროდ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა კიდევ ორი ახალგაზრდა. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. როგორც შევიტყვეთ, გარდაცვლილია ზუგდიდელი ახალგაზრდა თემურ თოდუა. მისი ოჯახი ზუგდიდის სოფელ ნარაზენში ცხოვრობს. ყველა ძალიან განიცდის ამ ამბავს და სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით.
“თემო თოდუა არის გარდაცვლილი ახალგაზრდა, 34 წლის იქნება თემო, ზუგდიდის სოფელ ნარაზენიდან. თბილისში ცხოვრობდა მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ძალიან ღირსეული პიროვნება, ოჯახზე და ცოლ-შვილზე შეყვარებული. კარგი მეუღლე და მამა, კარგი შვილი გახლდათ. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ვერ ვიჯერებ, რომ თემო აღარ არის ჩვენს გვერდით. ასეთი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, ახალგაზრდაა, 34 წლის. ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა. მოგეხსენებათ ხვალიდან მარხვა იწყება. თემოც და მთელი მისი ოჯახი ძალიან მორწმუნეები და ეკლესიურები არიან. როგორც ვიცი, თემოს უთქვამს, მალე მარხვა იწყება და მარხვამდე ბიჭებთან ერთად სათევზაოდ, სანადიროდ წავალ, ვიქეიფებთ, კარგად მოვილხენთ მარხვამდეო. წასულა მეგობრებთან ერთად და ეს ტრაგედია დატრიალდა. რამ გამოიწვია ავარია და რა მოხდა იქ კონკრეტულად, დეტალურად არ ვიცი. ფაქტია, რომ თემო აღარ არის ჩვენ გვერდით, არ არის თავის საყვარელ ოჯახის გვერდით. არადა ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ. თემოს სიურპრიზების მოწყობა უყვარდა. მეუღლეს ცოტა ხნის წინ, ალბათ ერთი თვე იქნება, ქორწინების იუბილეზე სიურპრიზი მოუწყო და სამოგზაუროდ იტალიაში წაიყვანა. ძალიან მეგობრული, სტუმართმოყვარე და პატიოსანი ადამიანი იყო. ძალიან მშრომელი ბიჭი. თავის დედმამიშვილზე გადაყოლილი, მართლა ოჯახის ბიჭი იყო. ყოველთვის ცდილობდა სხვების გახარებას. ასევე ძალიან მხიარული, კარგი იუმორის მქონე პიროვნება. მასთან ვერ მოიწყენდი. დიდსაც და პატარასაც მალევე აყვარებდა თავს. არ ვიცი, რატომ გაწირა ღმერთმა მისი ოჯახი და რატომ მოუსწრაფა მას სიცოცხლე. ძალიან გვატკინა გული. მიჭირს იმის დაჯერება რომ ის ჩვენს გვერდით არ იქნება. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ყველას ვინც ასე განიცდის მის გარდაცვალებას. მართლა ძალიან დასანანია ასეთი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა რომ დაიღუპა”, – ამბობს ჩვენთან ოჯახის ახლობელი, რომელიც ძალიან განიცდის მომხდარს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის, უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. რა გახდა ავარიის მიზეზი, ეს და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“კვირის პალიტრა”