
11 წელი გავიდა სალომე ჯორბენაძის სასტიკი მკვლელობიდან. ალბათ ბევრს დღემდე ახსოვს წლების წინ ზესტაფონში მომხდარი ფემიციდის უმძიმესი ფაქტი. 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, ე.წ. “ირინეს ბაღში”, ხალხმრავალ ადგილას, თვითმხილველების თვალწინ, დღისით, 19 წლის სალომე ჯორბენაძეს ყოფილმა ქმარმა, 25 წლის სერგი საცერაძემ 5 ტყვია დაახალა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ, სალომეს ძმამ, ლაშამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, მის შვილის ტრაგედიის შემდეგ, ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო.
“დილით ვესაუბრე, ფული გადმოვურიცხე, გადასახადები გადაიხადე-მეთქი. ჩემი განსაკუთრებული დედა ხარო, მითხრა, სულ ასე მეძახდა. წამლებს სვამდა, მაგრამ ბოლოს – დროგამოშვებით, თავს ვაკონტროლებო. მეც რომ მირეკავდა, გაწონასწორებული იყო, არაფერი საეჭვო არ შემინიშნავს.
ლაშა კომპიუტერებს აწყობდა და ყიდდა. 2 000 ლარი ეკლესიებს შესწირა ზესტაფონში, რასაც შოულობდა სწირავდა. ძალიან მორწმუნე იყო, 3-4 საათი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა. დავითის ფსალმუნები ზეპირად იცოდა. ისეთ რამეებს მიყვებოდა, სამეცნიეროსაც, საერთოდ არ გამიგონია. რუსული და ინგლისური საიტებიდან თარგმნიდა. ძალიან ნიჭიერი იყო ჩემი ლაშა. როგორ იტანჯებოდა, რომ არ ეძია შური და თავისი თავი და ცხოვრება გაინადგურა.
ჩემს მაზლთან ერთად ცხოვრობდა. პერიოდულად ბებო და ბიძები აკითხავდნენ.
მეზობელმა მიშიკო კელენჯერიძემ მითხრა, ქვევით რაღაცა მიჰქონდა ბოთლებითო. ფარდულში ღვინო ჰქონდა, ცოტა ძმრის გემო დაკრავდა და ვიფიქრე, ალბათ ის მიაქვს გადასაქცევადო. თურმე წასულა და ბენზინი უყიდია. როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა…
საათნახევარი არ იყო გასული და დამირეკა მიშიკომ, ლაშამ თავი დაიწვაო… ჩემს უბედურ შვილს სხეულის 50% აქვს დამწვარი. ფარდულში შიგნიდან ჩაუკეტავს კარი, ბენზინი სანამ არ აალდა, ვერ გაუღიათ”, – განუცხადა “პალიტრანიუსს” ფატი ჭელიშვილმა.
“პალიტრანიუსი”