
უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში. საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგონა, ნაირა ვაშაყმაძე. დაშავდა ასევე მიკროავტობუსის მძღოლი და კიდევ რამდენიმე მგზავრი. ისინი სხვადასხვა სახის დაზიანებებით ქედის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნაირა ვაშაყმაძე 25 წლის არის და ის ბათუმიდან სახლში, ხულოში, სოფელ საციხურში სოფლის მიკროავტობუსით ბრუნდებოდა.
“როგორც ვიცი, ხულოში მიდიოდა 11- კაციანი მერსედერსის მარკის მიკროავტობუსი, სოფლის მარშუტკა იყო და მეორე მანქანა იყო 8 კაციანი მინივენი, როგორც ვიცი, მინივენში ისხდნენ ბათუმელი ექიმები, სტომატოლოგები. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მანქანები დაეჯახა ერთმანეთს. მარშუტკის მძღოლის მხარს არის შეჯახება და მძღოლიც კლინიკაშია გადაყვანილი, დაიღუპა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მარშუტკაში იჯდა და ხულოში მიდიოდა. 4 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. ზოგიერთი მსუბუქად დაშავდა. გოგონა სამწუხაროდ გარდაიცვალა”,- ამბობს სოფელ გობრონეთის მაცხოვრებელი.
“ძალიან შეგვძრა ამ ამბავმა. ნაირა 25 წლის იყო, ძალიან საყვარელი გოგონა. თავზარდამცემი ამბავია, ცხოვრებას ახლა იწყებდა. ჰყავდა შეყვარებული, ჩვენი თანასოფლელი ბიჭი, ოფიციალურად დანიშნული იყო და 10 აპრილს ქორწილი უნდა ჰქონოდა. უნდა გაეხარა ცხოვრებით, ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ და დღეს ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. ძალიან განვიცდით ყველანი. წარმოუდგენელი ტკივილია. სოფლის მარშუტკით მგზავრობდა და ავარიით დაიღუპა სრულიად უდანაშაულო ადამიანი, განადგურდა ოჯახი”,- ამბობს ჩვენთან საუბარში მისი თანასოფლელი გოგონა.
საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე მიმდინარეობს, დაწყებულია გამოძიება. დაშავებულები კი ქედის მუნიციპალიტეტის კლინიკაში არიან გადაყვანილები.
“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს ნაირა ვაშაყმაძის ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო.
(სპეციალურად საიტისთვის)