
ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის შესახებ ვრცელ მიმართვას აქვეყნებს. ჭიღლაძის თქმით, ბერძენიშვილმა სათავე დაუდო სისულელეს, როცა თქვა, რომ დავით აღმაშენებელი საქართველოში 400 წელი იყო აკრძალული.
„კარგმა ლიტერატორმა და მთარგმნელმა, თუმცა ისტორიკოსობისგან შორს მყოფმა, ამბიციურმა და ყოვლისმცოდნეობაზე პრეტენზიის მქონე ლევან ბერძენიშვილმა ერთ დიდ სისულელეს დაუდო საფუძველი (ერთ ვიდეოში აცხადებს დიდი თავდაჯერებით) და მერე როგორც სჩვევიათ ქართველებს, იმეორებენ და იმეორებენ, აიტაცებენ ბრმად ისეთი თავდაჯერებით და კმაყოფილებით ამ
უმეცრებას და ტყუილს, რომ პირდაპირ მწარედ გაგეცინება: დავით აღმაშენებელიო ოთხასი წელი აკრძალული იყო საქართველოშიო და სძულდათო ქართველებსო.
ჯერ ერთი ვინ აკრძალავდა დავითს, მის მერე ხომ მეფობა-ძალაუფლება მის შვილზე, შვილიშვილზე, შვილთაშვილზე და ასე შემდეგ მის პირდაპირ შთამომავლობაზე გავრცელდა! ხოლო შიდა მტრები სიცოცხლეში გაანადგურა. მეორეც: თამარის დროს დავითის სახელი კულტადაა ქცეული საქართველოში, სამეფო დროშას ეწოდებოდა გორგასლიან-დავითიანი, სამეფო ტახტს “საყდარი ვახტანგეთი და დავითისი”,
ქართველთა მეორე ბიბლიად წოდებულ “ქართლის ცხოვრება”-ში 1125 წლიდან შედის დავით აღმაშენებლის ცხოვრების მატიანე “ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი”, რომელშიც დავითი ახალ ალექსანდრე მაკედონელად, კონსტანტინე დიდად და დავით მეფსალმუნედ იწოდება, მთელი ეს ნაშრომი დავით აღმაშენებლის ქებათა-ქება და განდიდებაა! დავითის მატიანე “ქართლის ცხოვრება”-ს განუყოფელი ნაწილი გახდა დავითის გარდაცვალებისთანავე და დღემდე ასეა რვა საუკუნეა.
უფრო ადრევე კი, ჯერ კიდევ დავითის სიცოცხლეშივე, 1103/1105 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს ეკლესიის კანონიკური კოდექსის, “დიდი სჯულისკანონის” განუყოფელი ნაწილია რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, რომლის ბოლო თავი არის მონაზონ არსენი იყალთოელის შესხმა (ქება) მეფე დავითისადმი, სადაც წმ. არსენი წერს დავით აღმაშენებელს ამ ეპითეტებით:
“ამის შესახებ რას იტყვი შენ, შენი სიბრძნით მთელი მსოფლიოს მეფეთა ერთგვამობის უბრწყინვალესო თვალო, რომელიც ჰაეროვან ხარ, როგორც სამყარო ხილულ სოფელში, საჩინო, როგორც მზე ვარსკვლავთა შორის, ბრწყინვალე, როგორც ეთერი ნივთიერებათა შორის, ნათლისფერი, როგორც ელვა ღრუბელთა შორის, ცისკროვანი, როგორც აღმოსავლეთი მხარეთა შორის, ტკბილი, როგორც გაზაფხული წელიწადის დროთა შორის, ღმრთის სახე, როგორც სიყვარული სათნოებათა შორის, სასურველი, როგორც ოქრო წიაღისეულთა შორის, ელვარე, როგორც იაკინთი ქვათა შორის, მაღალი, როგორც ფინიკი ნერგთა შორის, მშვენიერი, როგორც ვარდი ყვავილთა შორის, აღმატებული, როგორც სამოთხე ქვეყანათა შორის, ძლიერი, როგორც ლომი მხეცთა შორის, მტკიცე, როგორც ალმასი განუკვეთელთა შორის, სახელგანთქმული, როგორც ნებროთი გმირთა შორის, ახოვანი, როგორც ისო მებრძოლთა შორის, კეთილი მისწრაფების მქონე, როგორც ფინეზი მღვდელთა შორის, მხნე, როგორც სამსონი მსაჯულთა შორის, უძლეველი, როგორც აქილევსი ბერძენთა შორის, ბრძენი, როგორც სოლომონი მეფეთა შორის, მშვიდი, როგორც დავითი ცხებულთა შორის, შურისმაძიებელი, როგორც იოსია გვირგვინოსანთა შორის, უშიშარი, როგორც მაკედონელი დამპყრობელთა შორის, სამფლობელოთა განმადიდებელი, როგორც ავგუსტოსი კეისართა შორის, კაცთმოყვარე, როგორც ჩემი იესუ ღმერთთა შორის, ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილთა შორის, მხურვალე, როგორც პეტრე მოწაფეთა შორის, საყვარელი, როგორც იოვანე მეგობართა შორის, მკვირცხლი, როგორც პავლე მოციქულთა შორის, უცდომელი ქრისტიანობის სახის დასაწყისის დამდები, როგორც დიდი კონსტანტინე თვითმპყრობელთა შორის, კეთილმსახურების სიმტკიცე, როგორც თეოდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის.” (ტექსტი ახალქართულ ენაზე ადაპტირებულია ხელნაწერთა ეროვნული სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლების გ. ნინუას და მ. დოლაქიძის მიერ, იხ. წიგნში: დიდი სჯულისკანონი, თბ. 2009, გვ.449).
“ქართლის ცხოვრება” და “დიდი სჯულისკანონი” განსაზღვრავდა შუა საუკუნეების ქრისტიანული საქართველოს ცნობიერებას, აზროვნებას და იდეოლოგიას, ის იყო წმიდაწმინდა და სავალდებულო იდეოლოგიური დოკუმენტები, ხოდა აბა საიდან რას ბოდავს ეს ხალხი ახლა? ეპითეტი “აღმაშენებელი” მე-16 საუკუნიდან ეწოდა დავითს, ამას მოჰკრეს ყური და დაასკვნეს იქამდე აკრძალული იყოო. საცოდაობა. უმეცრების მწვერვალი. სიბნელე. დაჟინებით გავიმეორებ: უნდა ვიკითხით სამეცნიერო ლიტერატურა (ივანე ჯავახიშვილი და ა.შ.) და ძველი საისტორიო წყაროები (მატიანეები, საეკლესიო წერილობითი ძეგლები, სიგელ-გუჯრები, ეპიგრაფიკა და ა.შ.)”, – აღნიშნულია წერილში.