
24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს. ამ ინფორმაციას დაკარგული ახალგაზრდის ახლობლები ავრცელებენ. ყველა ძალიან განიცდის მომხდარს. თითქმის ორი თვე ეძებდა ოჯახი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას.
ცნობილია, რომ გიგა 9 თებერვალს გავიდა სახლიდან. მისი ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, რომ ბოლოს ისინი ერთად იყვნენ დიღმის ჭალებში. სწორედ იქ იპოვეს დაკარგული ბიჭის მობილური ტელეფონიც. განგაშის ზარი დედამ იმავე დღეს ჩამოკრა და ყველგან ეძებდა თავის შვილს. იმ ღამით შვილი რომ ვერსად იპოვა, მეორე დილიდან საქმეში პოლიცია ჩართო და სამძებრო სამუშაოები პოლიციამ და მაშველებმა აქტიურად დაიწყეს. დეტალურად დაათვალიერეს მტკვრის მთელი პერიმეტრი და განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც ბოლოს გიგას მობილური ტელეფონი იპოვეს, თუმცა მაშინ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს.
როგორც “კვირის პალიტრისთვის” გახდა ცნობილი, გიგა დაუშვილი სწორედ მტკვარშია პარასკევს ნაპოვნი, სავარაუდოდ, ცხედარი მდინარემ გამორიყა. აქვს თუ არა დაზიანება ცხედარს, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, ეს და ბევრი სხვა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და სახლშია გადასვენებული.
გიგა დაუშვილის დედა, ნათია დაუშვილი დეტალურად ჰყვებოდა თავისი შვილის გაუჩინარების ამბავს და ითხოვდა სამართალდამცავებს კიდევ ერთხელ დაეკითხათ გიგას ის მეგობრები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ბოლო წუთებში. მას ბევრი პასუხგაუცმელები კითხვა აქვს დღემდე, რადგან როგორც ამბობს, მისი შვილის ორი მეგობარი სულ სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობდა და ურთიერთგამომრიცხავ ამბავს ჰყვებოდა. დედის ეჭვებიც ბუნებრივია და იმედია ამ კითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს.
სოციალურ ქსელში ახლობლები ემოციებით საუბრობენ 24 წლის ბიჭზე, რომელსაც ყველგან ეძებდნენ.
“ხუთი წლის ვიყავი, როცა დაიბადა და იმ დღიდან ჩვენი კავშირი უცვლელია – აღარ ვიყავი დედისერთა, რასაც სულ განვიცდიდი… განსაკუთრებული იყო, ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ იმავდროულად ყველაზე რეალურად ასახავს მის ბუნებას. არ შეეძლო, უცხოდ დარჩენილიყო – ყველას მეგობარი ხდებოდა, ყველას გულში იდებდა ადგილს. ჩემთვის კი არა მხოლოდ ძმა იყო, რაღაც სხვა იყო, “გიგა” იყო, რითაც ყველაფერი ნათქვამია. ის, ვინც მას არ იცნობდა, უნდა იცოდეს – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სამყაროს სიყვარულისთვის, სიცილისთვის და სიკეთისთვის მოევლინენ. ის ერთ-ერთი ასეთი იყო. და რადგან ასეთი ადამიანები არასდროს ქრებიან, ის აქ არის, ჩემში, ყველა იმ მოგონებაში, სადაც თბილი შეხება და მისი ბოხი ხმა ცოცხლობს: „მარ, ჩემო ლამაზო”- წერს მისი დეიდაშვილი.
რა გახდა ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, ხომ არ იყო ეს მკვლელობა, ეს და სხვა დეტალები ალბათ მალე გახდება ცნობილი. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
“კვირის პალიტრა”