28 წლის შორენა ონიანი, რომლის გადარჩენისთვის მთელი საქართველო ლოცულობდა, სამწუხაროდ, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. შორენამ ქუთაისის მეორე სამშობიაროში იმშობიარა, ტყუპი ბიჭები გააჩინა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ბედნიერებით ტკბობა ვერ შეძლო, მოულოდნელად, მისი მდგომარეობა დამძიმდა. არსებული ინფორმაციით, ახალნამშობიარებ ქალს სისხლდენა დაეწყო და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. კომაში ჩავარდა. დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. ქუთაისიდან ის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმები იბრძოდნენ მის გადასარჩენად. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორენას დიდი რაოდენობით სისხლის გადასხმა სჭირდებოდა “ვინც თბილისში იმყოფებით გთხოვთ დავეხმაროთ, გთხოვთ ჩვილ ტყუპებს გადავურჩინოთ დედა და ნუ გავწირავთ ახალგაზრდა გოგოს, მივცეთ შანსი დედობის, გთხოვთ გაიღოთ სისხლი, დიდი რაოდენობით სისხლი სჭირდება”, – ასეთი შინაარსის სტატუსი გაჩნდა სოციალურ ქსელში.
სისხლიც ჩააბარეს ადამიანებმა, მაგრამ მდგომარეობა ძალიან მძიმე აღმოჩნდა, კომიდან მისი გამოყვანა ვეღარ შეძლეს ექიმებმა, ხელოვნურ სუნთქვაზე იყო. ოჯახმა ყველა ღონეს მიმართა და გადაწყვიტა, შორენა როგორმე რეანიმობილით თურქეთის კლინიკაში გადაეყვანა და იქ ებრძოლათ ექიმებს მისი გადარჩენისთვის.
ძალიან ოპერატიულად იმოქმედეს, ყველა ფეხზე დადგა, ძალიან სწრაფად მოხერხდა ყველაფრის მობილიზება და გადაიყვანეს კიდეც თურქეთში, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორენას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
“შორენა ქუთაისში იმ ბაღში მუშაობდა, სადაც ჩემი შვილები დამყავდა. საოცარი გოგო იყო, სიკეთით სავსე. განსაკუთრებით უყვარდა ჩემი შვილი და ჩემს შვილსაც უყვარდა. ისე უვლიდა სხვის შვილებს და იმდენ სითბოს აძლევდა, როგორ შეიძლებოდა ის არ ჩახუტებოდა თავის შვილებს და სიყვარულით არ გაეზარდა ისინი, მაგრამ საუბედუროდ, თავისი შვილები დარჩა ჩაუხუტებელი. ძალიან განვიცდით ყველანი. გამორჩეული გოგო იყო. რომ გათხოვდა და ფეხმძიმედ დარჩა, ბაღში მუშაობა მიატოვა, რადგან ტყუპს ელოდებოდა.
ქუთაისის მეორე სამშობიაროში უმშობიარია, ნათესავები ექიმის დაუდევრობას აბრალებენ, როგორც ვიცი, ახლა იმხელა ტრაგედია ტრიალებს, ამაზე სასაუბროდ არავის სცალია, მაგრამ ალბათ მერე ილაპარაკებენ. აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს საქმე და დაისაჯოს დამნაშავე.
შორენა ლენტეხიდან იყო, მაგრამ ქუთაისში ცხოვრობდა და მუშაობდა ბაგა-ბაღში. საოცარი გოგო იყო, სიკეთეს ასხივებდა, ყველას უყვარდა და თავადაც ყველა უყვარდა.
ბავშვებს ჯვარი წერიათ, კარგად არიან, თბილისში, კლინიკაში.
ძალიან გვატკინა გული შორენას დაღუპვამ. სადაა სამართალი, ასეთი უბედურება არ უნდა ხდებოდეს”, – ამბობს “კვირის პალიტრასთან” საუბარში ახლობელი.
კვირის პალიტრა