
ავჭალის დასახლებაში, ლიბანის ქუჩაზე, ე.წ ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს მძიმე ფაქტი 11 აპრილს საღამოს საათებში მოხდა. ბავშვი დაზიანებებით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ, მის სხეულზე დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ნიკოლოზ კოკოშაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.
„ე.წ ტიტანიკის“ კორპუსს ეძახიან ამ კორპუსს, ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსია. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, კორპუსის მობინადრეები წლების მანძილზე როგორ ითხოვდნენ ხელისუფლებისგან დახმარებას. ამ კორპუსის ნაწილი დაცლილია, მაგრამ ერთ სადარბაზოში ამ ავარიულ სახლში სიცოცხლის რისკის ფასად ადამიანები ისევ აგრძელებენ ცხოვრებას. მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას წლებია ითხოვს, მედიაში ამაზე იწერებოდა სტატიები. ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწერა ამაზე სტატიები. იქ მაცხოვრებლები მაშინ ამბობდნენ, რომ ამ საცხოვრებელი კორპუსის წინ 119-ე საჯარო სკოლაა და გაკვეთილების შემდეგ ბავშვები ავარიულ შენობაში ხშირად შედიან სათამაშოდო. სწორედ მსგავსი ტრაგედიის ეშინოდათ. გარდაცვლილი ბავშვი იქვე ახლოს, სხვა კორპუსში ცხოვრობს, იმ საბედისწერო დღეს ბავშვები იქ სათამაშოდ ასულან და უცებ მეცხრე სართულზე 13 წლის ბიჭი უფუნქციო ლიფტის შახტაში ჩავარდა.
შახტა ღია იყო, ამას შეესწრო მისი მეგობრები და ბავშვებმა ატეხეს განგაში, ამის შემდეგ ბავშვი დაზიანებებით გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში, სისხლის გადასხმებიც სჭირდებოდა. დღეს მთელი დღე რიგი იდგა და ხალხმა გაიღო სისხლი, ყველა ლოცულობდა რომ ბავშვი გადარჩენილიყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ გავიგეთ ეს საშინელი ამბავი, რომ ნიკოლოზი გარდაცვლილა.
ავარიული კორპუსია ეს, სულ 5 სადარბაზო იყო, 3 სადარბაზოდან გამოასახლეს ხალხი, 2 დარჩა. ბავშვები გამოსახლებულ სადარბაზოში ავიდნენ და იქ არ იყო შახტა დახურული და ჩავარდა შახტაში, მეცხრე სართულიდან არის ჩავარდნილი.
ნიკოლოზ კოკოშაშვილი 119-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე იყო. ძალიან განვიცდი ამ ამბავს და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. როგორც ვიცი, დღეს მთელი დღე გამგეობის თანამშრომლები ტრიალებდნენ თურმე იაშვილის კლინიკაში, აქამდე სად იყვნენ, რატომ არ იყო დაცული უსაფრთხოება? რატომ არ დაიხურა უფუნქციო შახტა? რატომ იყო ლიფტის შახტა ღია? ვინ აგებს ახლა ამ ბავშვის სიკვდილზე პასუხს? რადენი ბავშვის სიცოცხლე უნდა შეეწიროს ვიღაცეების დაუდევრობას, რომ მსგავსი ტრაგედიები არ მოხდეს ქვეყანაში? წარმოუდგენელი ტრაგედიაა, არ ვიცი რა ვუთხრა მის მშობლებს. ერთად გავიზარდეთ მე და მამამისი, ძალიან გამანადგურა ამ ამბავმა, ძალიან განვიცდი. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას,”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ახლობელი.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
“კვირის პალიტრა” სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ბიჭუნას ოჯახს მომხდარი ტრაგედიის გამო.
p.s. ჯერ კიდევ 2013 წლის 14 მარტს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დავალებით შედგა გაერთიანებული საინჟინრო-ტექნიკური კომისია, რომელმაც დაათვალიერა ავარიული კორპუსი მისი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით. კომისიამ მაშინ დაასკვნა: “ლიბანის ქუჩა #6-ში მდებარე შენობაში შექმნილია კრიტიკული მდგომარეობა (ფორსმაჟორული სიტუაციით) და მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი შედეგების განვითარება, ადამიანთა მსხვერპლის ჩათვლით. ხიფათის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ბოლო ორი სადარბაზოდან შენობაში დარჩენილი მობინადრეების გამოსახლება, რის შემდეგაც უნდა მოხდეს ავარიული შენობის სრული დემონტაჟი და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება. თუ დროულად არ მოხდება მობინადრეების გამოსახლება, შესაძლოა, ტრაგედიას, რომელიც ყოველ წუთს არის მოსალოდნელი, მსხვერპლი მოჰყვეს”.
სამწუხაროდ წლების წინაც დატრიალდა იქ ტრაგედია, ამ ავარიული კორპუსის სადარბაზოების კედლები გადაიხსნა, იმ დროს 24 წლის ახალგაზრდა კიბეზე ჩამოდიოდა, გადავარდა და დაიღუპა.
ახლა კი 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა…