
23 წლის მექსიკელი ბლოგერი TikTok-ზე პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს მოკლეს.
- მექსიკის პროკურორების ცნობით, გვადალახარაში მცხოვრებ ვალერია მარკესს მის სილამაზის სალონში პირდაპირი ეთერი მიჰყავდა, რა დროსაც მამაკაცი შევიდა და ქალს იარაღიდან ესროლა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე მარკესი, ზაპოპანის გარეუბანში, საკუთარ სილამაზის სალონში, მაგიდასთან იჯდა, ხელში სათამაშო ცხოველი ეჭირა და პირდაპირ ეთერში საუბრობდა. რამდენიმე წამში მას სასიკვდილოდ ესროლეს. ჩანაწერი მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც შეიარაღებულმა პირმა მისი ტელეფონი აიღო და პირდაპირი ეთერი შეწყვიტა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელმა ქალს მოატყუა, რომ მისთვის საჩუქარი მიჰქონდა.
პოლიცია ადგილზე ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 6:30 საათზე (12:30 GMT) მივიდა და ქალბატონი მარკესის გარდაცვალება დაადასტურა. პროკურატურამ ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაასახელა.
ქალს TikTok-სა და Instagram-ზე ჯამში 200 000 გამომწერი ჰყავდა. გულშემატკივრები მას გლოვობენ.
საპოპანის მერის ხუან ხოსეს განცხადებით, ქალს მანამდე სამართალდამცველებისთვის არასოდეს მიუმართავს და არანაირი საჩივარი მისი მხრიდან არ ფიქსირდება. ხალისკოს შტატის პროკურატურის ინფორმაციით, სასიკვდილო თავდასხმის მოტივი დადგენილი არ არის, თუმცა საქმეს ფემიციდის მუხლით იძიებენ.
გენდერული ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული მექსიკაში. გაეროს მონაცემებით, პარტნიორები ან ოჯახის წევრები ყოველდღიურად 10 ქალს ან გოგონას კლავენ.