
შვეიცარიის ალპებში მთის კალთებს მყინვარის უზარმაზარი ნაწილი მოწყდა და მთის ძირში მდებარე სოფელ ბლატენში მიწის, ტალახისა და ყინულის დიდი მასა ჩაიტანა.
მყინვარ ბირჩის შესაძლო ჩამოშლის შესახებ შესაბამისი უწყებები ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გამოთქვამდნენ ვარაუდს, როცა ყინულში ნაპრალები გაჩნდა. მაისის დასაწყისში, ბლატენიდან მოსახლეობისა და პირუტყვის ევაკუაცია განახორციელეს. სოფელი მყინვარის დაბლა ხეობაშია გაშენებული და დაახლოებით 300 მცხოვრებს ითვლიდა.
28 მაისს ვებკამერებისა და დრონების მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ ჩადის ალპურ ხეობაში მყინვარის კოლაფსის შედეგად წარმოქმნილი მტვრის უზარმაზარი ჭავლები და ტალახისა და ლოდების უშველებელი ტალღა, რომელმაც სოფლის უდიდესი ნაწილი ქვეშ მოიყოლა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ ოფიციალური ცნობებით, დაკარგულია ერთი ადამიანი. სოფელი ბლატენი ახლა თითქმის მთლიანად ტალახის ქვეშაა ჩამარხული. სეისმური მონაცემების თანახმად, მყინვარის ჩამოშლამ 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გამოიწვია.
ადგილზე გადაღებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ სოფლის გარდა, განადგურდა ტყის დიდი მონაკვეთიც. ნაშალმა მასალამ დაბლოკა ადგილობრივი მდინარე ლონცა, რამაც გაზარდა ტერიტორიის დატბორვის საფრთხე.
„ბუნება ადამიანზე ძლიერია და მთის ხალხმა ეს იცის. თუმცა, დღეს ექსტრაორდინარული მოვლენა გადაგვხდა თავს. სიტყვები არ გვაქვს და სურათები უბრალოდ შოკისმომგვრელია“, — ამბობს შვეიცარიის ფედერალური კანცლერი ალბერტ რესტი.
გლობლრი ტემპერატურის ზრდასთან ერთად, ალპების მყინვარები სულ უფრო არასტაბილური ხდება. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 2022-2023 წლებში, შვეიცარიაში მყინვარებმა მოცულობის 10 პროცენტი დაკარგა.
მყინვარების დნობა ქვემოთ მდებარე ხეობებში იწვევს ქვათაცვენას, ყინულის ზვავებს, ნაშალების მდინარეებს. როგორც კვლევები მიუთითებს, კლიმატის ცვლილების გამო, ალპებში იზრდება მცირე ქვათაცვენებისა და მეწყრების შემთხვევები.
უფრო მეტი კვლევაა საჭირო, რათა ბლატენში მომხდარი კატაკლიზმის ზუსტი მიზეზი დადგინდეს. ასევე გასარკვევია, რამხელა ნაწილი მოწყდა მყინვარს.
„აშკარაა, რომ ბლატენში მომხდარის მსგავსი მოვლენები — ამ მომენტში კომპლექსური პროცესის კასკადი — უკიდურესად იშვიათია და ამიტომ, მათში ცვლილებების რაოდენობრივი განსაზღვრა ადვილი საქმე არ არის“, — ამბობს ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარი მილენ ჟაკმარტი.
მისივე განცხადებით, რთულია უზარმაზარ მეწყერთა სიხშირისა და სიმკაცრის ცვლილებების დადგენა.
„კლიმატის ცვლილება მაღალმთიან რეგიონებში განაპირობებს მეტ ნადნობ წყალს, ნაკლებ თოვლის საფარს, მაღალ ტემპერატურას, მეტ წვიმას თოვლის ნაცვლად — ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს ქანების სტაბილურობაზე. საინტერესოა, მოხდებოდა თუ არა ეს კლიმატის ცვლილების გარეშე? სავსებით შესაძლებელია. საფრთხეების მართვაში ფუნდამენტური კითხვაა, არსებობს თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილება გარკვეულ მოვლენათა სიხშირეში. მოვლენა, რომელიც 10 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, გახდა თუ არა უცბად ყოველწლიური? ამ მომენტისთვის, ასეთ დიდ მოვლენებში აშკარა ცვლილებებს ვერ ვხედავთ“, — ამბობს მილენ ჟაკმარტი.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.
წყარო: 1tv.ge, მიხეილ ჭაბუკაშვილი