
PSG-ს ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს, როცა ის ფრანგულ რივიერაზე მეგობართან ერთად ისვენებდა. ამის შესახებ dailymail წერს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ინფორმაცია Geo Team-მა გაავრცელა. კანში დასვენების დროს, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს – წერდა გამოცემა. უცხოურ მედიაში დავითაშვილის ბინის გაქურდვაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
- ფრანგული გამოცემა L’Équipe-ის ცნობით, კვარაცხელიას ბინიდან, რომელიც სპორტსმენმა საფრანგეთში გადასვლის შემდეგ იქირავა, მოიპარეს ძვირფასი სამკაულები, ლუქს კლასის საათები და ბრენდული ჩანთები, მაშინ როცა ის და დავითაშვილი კანში იმყოფებოდნენ.

ქურდობისას არავინ დაშავებულა, ხოლო გამოძიება უკვე დაწყებულია საფრანგეთის პოლიციის მიერ.
კვარაცხელიას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა PSG-ს წარმატებულ ჩემპიონთა ლიგის კამპანიაში მიმდინარე სეზონში, კლუბმა შვებულება მისცა, სანამ გუნდი თვის ბოლოს კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას დაიწყებს.
24 წლის ფეხბურთელი პარიზულ კლუბს გასულ ზაფხულს ნაპოლიდან შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის არ გამოიძახეს საქართველოს ნაკრებში ფარერისა და კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩებისთვის, რათა დაესვენა და დატვირთული ზაფხულისთვის მომზადებულიყო.
პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კამპანიას 15 ივნისს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დაიწყებს, რასაც მოჰყვება ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ბრაზილიურ „ბოტაფოგოსთან“ და ამერიკული ლიგის „სიეტლ საუნდერსთან“.
ჩემპიონთა ლიგის წარმატებასთან ერთად, კვარაცხელიამ ლუის ენრიკეს გუნდს დაეხმარა ლიგა 1-ის მე-13, სარეკორდო ტიტულის მოპოვებაში.