ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგრესიული კრიტიკით განსაკუთრებით კვლავ გამოირჩევა ცენტრალური ნეაპოლური გამოცემა Il Mattino, რომლის ჟურნალისტმა პინო ტიორმინამ დღეს ქართველზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.
ავტორი კვარაცხელიას ლამის დამნაშავედ აცხადებს და ვარაუდობს (შესაძლოა, პირად სურვილს გამოხატავს ან სარედაქციო დავალებას ასრულებს), რომ არაა გამორიცხული დასაჯონ და „ტორინოსთან“ მატჩში სასტარტოში არ დააყენონ, რისი მიზეზიც “რომასთან” არადამაკმაყოფილებელი თამაში და შეცვლისას უკმაყოფილების გამოხატვაა, რამეთუ , როგორც წერს, მოედნიდან გასვლისას, გაბრაზებული არც თანაგუნდელებს დაემშვიდობა, არც მის ნაცვლად შეცვლაზე შესულ დავიდ ნერესს მიესალმა და სათადარიგოთა სკამზე მარტო იჯდა. სტატიიდან რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ.
კვარაცხელია “ტორინოსთან” თამაშის ძირითად შემადგენლობაში დაწყებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. ეს არ არის მუქარა, ეს არ არის სასჯელი. ეს ანარეკლია. და ეს არაა კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხი, რომლის გაგრძელებაზე ქართული მხარე სამწუხაროდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე უარზეა – იმის მაგივრად, რომ დათანხმდნენ გახანგრძლივების სანაცვლოდ წლიური გასამრჯელოს გულუხვ, 6-მილიონიან შეთავაზებას.
– შეცვლისას განაწყენებული იყო იმის გამო, რომ გოლი ვერ გაიტანა? სწორად ვერ მოქმედებდა? ანტონიო კონტე და გაბრიელე ორიალი მას “დიეგო მარადონას” სტადიონზე განცალკევებით ესაუბრენ და მალე კიდევ დაელაპარაკებიან. “კვარას” თამაში აღმავლობითა და ვარდნითაა სავსე და კითხვების წყაროდ იქცევა: კონტემ ის სახალხოდ დაიცვა და ამას ისევ გააკეთებს. თუმცა, მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე გაკეთებული შეცვლა ქართველი ვარსკვლავისთვის მკვეთრი სიგნალია: ეს ტექნიკური გადაწყვეტილება იყო.
– კონტემ ორიალის ფეხბურთელთან დალაპარაკება დაავალა და “ლელეს” მოუწია ეკითხა, რა იყო განერვიულების მიზეზი. ის არა კონტეზე, არამედ საკუთარ თავზე იყო იმის გამო გაბრაზებული, რომ ორი ზუსტი გადაცემა ვერ გააკეთა და ორი მომენტი ვერ გამოიყენა. სიმართლეა თუ არა? არ ღირს ჩაღრმავება: ანდაზა ამბობს – ჭუჭყიანი თეთრეული სახლში უნდა გაირეცხოს. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ოჯახში უფროსი კონტეა, თანაშემწე კი – ორიალი.
– “ტორინოსთან” შეხვედრისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. ყველაფერი შეიძლება ყოველთვის “კვარასთან” თანხვედრაში არ ხდება, თავის ბედს თავად გადაწყვეტს და არა “ნაპოლი”. თუ სხვა გუნდს იპოვის (მამუკა ჯუღელი უკვე 12 თვეა ეძებს), აურელიო დე ლაურენტისს ახალი ახალგაზრდა თავდამსხმელის დასამატებლად ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. თუმცა, შესაძლოა, კლუბის წინადადებას დათანხმდეს, რომელიც იმაზე ცოტა გვიან მიიღო, ვიდრე ელოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, არ არის გადაჭარბებული შეთავაზება თანხის მხრივ – სეზონური 6 მილიონი და თანამშრომლობის 2028 წლამდე გაგრძელება.