პედაგოგი გვანცა ჩიხლაძე წერილს ავრცელებს, რომელიც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას უკავშირდება:
“როგორც პედაგოგს, ჩემს თავზე აღებული მაქვს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემის, არამედ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ვალდებულება. განათლების სისტემა ის სივრცეა, სადაც ფორმირდება თავისუფალი, კრიტიკულად მოაზროვნე და ეროვნული ღირებულებებით სავსე თაობა. ამიტომ, როცა ვხედავ, რომ განათლების საფუძვლებს საფრთხე ექმნება, ჩემი პროფესიული და ადამიანური სინდისი არ მაძლევს ნებას, გავჩუმდე.
ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა — ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც არა მხოლოდ ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობა შექმნეს, არამედ საფუძველი ჩაუყარეს ეროვნული ცნობიერების ფორმირებას. ამ ფასდაუდებელი იდეების ამოღება სასწავლო პროგრამიდან, ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, პირდაპირი შეტევა და გამოწვევაა იმ იდეალებისადმი, რომლებზეც ჩვენი მომავლის განათლება უნდა დაფუძნდეს!
მორალური ვალდებულება მომიწოდებს, დავაფიქსირო ჩემი პროტესტი — არა მხოლოდ საკუთარი პროფესიის, არამედ მომავალი თაობის და ჩვენი საერთო ეროვნული ფასეულობების დასაცავად!
განა შეიძლება, ერმა საკუთარი ეროვნულ-კულტურული ფუნდამენტი ასე უგულებელყოს? ილია ჭავჭავაძის და სხვა ჩვენი სულიერი და ინტელექტუალური რენესანსის მამოძრავებელი ძალების ნაწარმოებების ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოღება მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესის შეცდომა არ გახლავთ. ეს არის ღრმა სოციოკულტურული კრიზისის მანიშნებელი, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს ეროვნულ თვითშეგნებას და კრიტიკული აზროვნების უნარს მომავალ თაობაში.
როგორ უნდა ველოდოთ განათლებულ და თავისუფალ მომავალ თაობას, როცა ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ?!
განა თაობას, რომელმაც არ იცის ილიას ნაწარმოებები, შეუძლია ქვეყნის კულტურული და მოქალაქეობრივი პროგრესის გაგრძელება?
რა ხდება, როცა ერის მეხსიერებიდან ქრება სიმბოლოები, რომლებმაც თავისუფლების, პატრიოტიზმისა და სამართლიანობის არსი აღბეჭდეს? ეს არა მხოლოდ განათლების დეგრადაციის პროცესის მანიშნებელია, არამედ პირდაპირი ნაბიჯია ჩვენი ეროვნული თვითშეგნების ეროზიისკენ.
ეს ნაბიჯი სუნთქვაშეკრული ანტიინტელექტუალიზმის გამოვლინებაა. განათლების მიზანი არ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა. მისი არსია დამოუკიდებელი აზროვნების, ეროვნული ღირებულებებისა და კულტურული თვითმყოფადობის ფორმირება. ილიას ნაწარმოებების ამოღება ნიშნავს, რომ განათლების სისტემაში იმარჯვებს უკიდურესი პრაგმატიზმი, რომელიც უმეცრებასა და ისტორიული ცნობიერების გამოფიტვას უწყობს ხელს.
ილია ჭავჭავაძე არ არის მხოლოდ სახელგანთქმული მწერალი! ის იყო ეროვნული იდენტობის არქიტექტორი, ფუნდამენტი, რომლის გარეშეც ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტი და კულტურული მემკვიდრეობა გაუფასურდება. მისი იდეების უგულებელყოფა ნიშნავს საზოგადოების ეთიკური და ინტელექტუალური სიმტკიცის დასუსტებას. ნუთუ, შესახსენებელია ის ფაქტი, რომ, მისი ნაწარმოებები ღირებულებათა ის ფუნდამენტია, რომელზეც უნდა იდგეს თავისუფალი და პასუხისმგებლიანი საზოგადოება!
ეს პროცესი ნამდვილად ჰგავს მიზანმიმართულ ანტიინტელექტუალიზმს, რომელიც ერის ჩამორჩენილობისკენ და ფსევდო-განათლებული საზოგადოების შექმნისკენაა მიმართული. განათლება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა არ არის! ეს არის კულტურული კოდის გენერირება, იდენტობის ფორმირება და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება.
ნუთუ ამ გზით მომავალი თაობა უბრალოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ, როგორც მარტივად სამართავი, უმეცრებაში ჩაკეტილი მასა, რომელსაც არ ძალუძს საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების გააზრება?!
არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ – რატომ უნდა დავივიწყოთ ადამიანები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას?
განათლების დეგრადაცია თავისუფლების დაკარგვის პირველი ნაბიჯია!!!
ასეთ ხალხს, ვინც ფუნდამენტურ ცოდნას გვართმევს, ნამდვილად სჭირდება მართული, გაუნათლებელი საზოგადოება. მაგრამ ჩვენ, როგორც ილია გვასწავლიდა, უნდა ვიდგეთ სიმართლის მხარეს.
დამეხმარეთ, რა პასუხი გავცე ჩემს მოსწავლეებს, როცა ისინი მეკითხებიან: “რატომ გვართმევენ იმას, რაც ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილია?” მათი ეს კითხვა არ არის მხოლოდ ემოციური რეაქცია — ეს არის ტკივილი, რომელიც უკვე მკვეთრად ვლინდება მათში!
განათლების სისტემა ვერ შეინარჩუნებს სანდოობას, თუ ის განაგრძობს იმ იდეალების გაუფასურებას, რომლებიც ეროვნული ცნობიერების ფესვებს ქმნიან.
ნუ გავჩუმდებით, როცა ჩვენი მომავალი თაობის განათლებას კლავენ.
“ილია მოკლეს, მაგრამ მისი სიტყვები დარჩა ცოცხალი.”
ნუ დავუშვებთ, რომ ახლა მისი იდეები მოკვდეს!”