ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 თვის ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ჩვილი დაშავდა. მართალია, ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ სამწუხაროდ, დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა და კლინიკაში გარდაიცვალა.
ოჯახი სოფელ მეორე სვირში, მერკვილაძეების უბანში სტუმრად მიდიოდა და თითქმის სახლამდე მისულები იყვნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა.
“ძალიან მძიმე ამბავი მოხდა კვირას, 15 დეკემბერს, ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში. მანქანა მოუსრიალდა ეტყობა მძღოლს, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, როგორც ჩანს, ამ დროს დედას ხელში ეჭირა თავისი 2 თვის ჩვილი, ავარიის შედეგად ბავშვი ხელიდან გაუვარდა, პატარამ მიიღო დაზიანება და გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ მიყვანიდან დაახლოებით ერთ საათში, საუბედუროდ, კლინიკაში გარდაიცვალა.
არადა, მანქანასაც ვიზუალურად არ ჰქონდა ისეთი დაზიანება ვინმეს ეფიქრა, რომ იქ ტრაგედია დატრიალდებოდა. შეიძლება ითქვას, დამტვრეულიც არ იყო მანქანა, ეტყობა ბავშვმა რაღაცას დაარტყა თავი და მიიღო სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება.
ბაღდათის სოფელ ფერსათიდან არის ეს ოჯახი. როგორც გავიგე, მანქანის საჭეს მართავდა ბავშვის მამა. მშობლებს დაზიანება არ მიუღიათ. ცუდი ამინდი იყო, ეტყობა მოუსრიალდა მანქანა, თორემ ისეთი სახიფათო ადგილიც არ არის, რომ ასეთი ტრაგედია დატრიალებულიყო”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” ადგილობრივმა.
ავარიის თვითმხილველი ამბობს, რომ მივედი, მანქანა გადაჰყავდათ, მაგრამ ისეთი დაზიანებული არ იყო, რომ მეფიქრა შიგნით ვინმე გარდაცვლილი Сообщение:
“ჩვენს სოფელში სტუმრად მოდიოდნენ, ბავშვის დედის დეიდის სახლში, ბავშვის ბებიაც იმ დროს დის სახლში ყოფილა. დაღუპული პატარას მშობლები დიდი ხნის შეუღლებულები არ არიან, მათი პირველი შვილი იყო და ეს უბედურება დაატყდათ თავს. კალთაში ეჯდა დედას და უთქვამს, შეჯახების დროს ბავშვი ხელიდან გამივარდაო. ვიზუალურად თურმე ჩვილსაც მცირე დაზიანება ჰქონდა, მაგრამ სიცოცხლისთვის შეუსაბამო ყოფილა და ვერ გადაარჩინეს ექიმებმა. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას”, – აღნიშნა ავარიის თვითმხილველმა.
“კვირის პალიტრა”