
83 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ბერტა ხაფავა. ჩვენი ინფორმაციით, მსახიობს ბოლო დროს გული პრობლემები ჰქონდა, გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
ხაფავას უამრავი როლიდან, მაყურებლისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და საყვარელია, ფილმში “სიყვარული ყველას უნდა”, ანიკოს როლი.
მსახიობი 1941 წელს თბილისში დაიბადა.1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1960 წლიდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად; 1966 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი; 1969 წელს გადმოვიდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კატა (ე. შვარცის “წითელქუდა”), მაია, სიდედრი (დ. კლდიაშვილის “უბედურება” და “ქამუშაძის გაჭირვება”), ქეთინო (ალ. თაბორიძის “დაკარგული დრო”), ბარბარე (ლ. ქიაჩელის “ტარიელ გოლუა”), ილია (ვ. იაქაშვილის “ციხის ხევის საიდუმლო”), თხა (გ. ახვლედიანის “ბაბუა და შვილიშვილი”), კოწია (ა. ჭილაშვილის “აცა-ბაცა”), ტურა (გ. ნახუცრიშვილის “ჭინჭრაქა”), რიტა ოსიანინა (ა. ვასილიევის “განთიადი კი აქ წყნარი იყო”), მერი პოპინსი (პ. ტრავერსი “მერი პოპინსი”) და სხვა; გადაღებულია ფილმებში: “ნატვრის ხე” (1976), “სამანიშვილის დედინაცვალი” (1977), “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978), “სიყვარული ყველას უნდა” (1980), “არაჩვეულებრივი რეისი” (1982), “ზოგი ჭირი მარგებელია” (1984), “ბებია ყველასათვის” (1986), “ფესვები” (1987), “ორფეოსის სიკვდილი” (1996), “სიყვარული და კარტოფილი” (2003), “დარჩი ჩემთან” (2011), “გრძელი ნათელი დღეები” (2013) და სხვა.