
დღეს ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა პოლიციის პოლკოვნიკი, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.
ის გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართული მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდებოდა. ის ხელმძღვანელობდა სპეციალური დანიშნულების რაზმს, რომელიც იმჟამად საპროტესტო აქციებს უპირისპირდებოდა, განსაკუთრებით ხშირად დაპირისპირება ხდებოდა პირველი პრეზიდენტის მომხრეებთან.
თემურ მღებრიშვილის მეგობარი პოლიციის პოლკოვნიკი დონი ფანჩულიძე, ჩვენთან საუბარში უახლოეს მეგობარს იხსენებს და ამბობს, რომ ბოლო დროს ის ძირითადად შვილიშვილების მოვლით იყო დაკავებული.
– ბოლო დროს გული და ფეხები აწუხებდა, განსაკუთრებულად, მუხლები. ადრე ჭიდაობდა და ეს ყველა მოჭიდავის დაავადებაა, შემდეგ ძალიან სპეციფიკური სამსახური ჰქონდა და ჯანმრთელობას ვერ მიხედა. შინ გარდაიცვალა, გულით. თემური ბოლო წლებში რაც ავადმყოფობდა, არ მუშაობდა, შვილიშვილებზე იყო გადართული, მათ უვლიდათ. თბილისში ცხოვრობდა, ფილარმონიასთან.
– ბოლო დროს, მეგობრები თუ ხვდებოდით ხოლმე?
– ძირითადად ტელეფონზე ვესაუბრებოდით და პანაშვიდებზე და დაკრძალვებზე ვხვდებოდით. ძალიან ყურადღებიანი იყო, როცა გაიგებდა ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალებას, უდიდეს ყურადღებას იჩენდა. ასე ვიქნებით ყველა, მის მიმართ, ვინც დარჩენილები ვართ.

– ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, – 143 წელი უნდა ვიცოცხლოო…
– 81 წლის გარდაიცვალა, საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ძალიან ბევრი მადლიერი ადამიანი ჰყავდა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც… ხომ ხვდებით, ისეთ სამსახურში მუშაობდა, ყველა მადლიერი ვერ დარჩებოდა. სახელმწიფოს წარმოადგენდა და მთავრობის დავალებებს ასრულებდა, ამ დროს რთულია რადიკალურად განწყობილი ადამიანების გული მოიგო. მიუხედავად ასაკისა, ფორმას არ კარგავდა, ისევ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
– მისი იუმორის გრძნობის შესახებ ყოველთვის ცნობილი იყო.
– ახლა რომ რეზინის ტყვიებს ისვრიან, ჩვენ დროს, ხელკეტები გვქონდა, “დუბინკები“, რომლებსაც არც ვიყენებდით. უიარაღოდ გადმოვდიოდით მანქანებიდან და წესრიგს ისე ვიცავდით. ხუმრობით ამბობდა ხოლმე, ბიჭო, ჩურჩხლები კი არ დაურიგებია მთავრობას, იმისთვის დაგვირიგეს, რომ წესრიგი დავიცვათო.
ერთხელ დინამოს სტადიონზე მომუშავე ყარაული მკაცრად გავაფრთხილეთ, რომ ნასვამი აღარ დაგვხვედროდა. მივედით ერთ დღეს და დაგვხვდა გათიშული. ახალგაზრდები ვიყავით, გვეპატიებოდა, ავდექით და საწოლით გავიყვანეთ სტადიონის ცენტრში, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა, როცა გაიღვიძებდა.
1975-დან 1992 წლამდე ვიმუშავეთ ერთად, მაგრამ ჭირში და ლხინში შემდეგაც სულ ერთად ვიყავით. თემური ჩემი ბიძაშვილის მეუღლე იყო და არასოდეს დაგვიკარგავს ერთმანეთი.