
მიანმარში მიწისძვრას 20 ადამიანი ემსხვერპლა და სულ მცირე 300 დაშავდა, – განუცხადა The New York Times-ს ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების ექიმმა.
„სამედიცინო დაწესებულებებში დაშავებული შემოჰყავთ, ჩვენ კი საკმარისი ექიმები და მედდები არ გვყავს“, – აღნიშნა ექიმმა.
ამასთან, როგორც უცხოური მედია წერს, ბიძგები ტაილანდშიც იგრძნობოდა. ბანგკოკში მაღალსართულიანი შენობებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
მეზობელი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მშენებარე მაღალსართულიანი შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ნანგრევების ქვეშ 81 ადამიანი რჩება.
ეპიცენტრი ქალაქ მანდაილაიდან დაახლოებით 17 კილომეტრში იყო, სადაც მოსახლეობა 1,2 მილიონს შეადგენს.
ტაილანდის გარდა, მიწისძვრა იგრძნობოდა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.