
24 წლის მურმან კალანდია, რომელსაც 11 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ავტომობილი დაეჯახა, დღეს გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
„დაქვრივდა, 21 წლის, 5 თვის ორსული მეუღლე. მშობლებს მოუკვდათ უკეთილესი შვილი. სოფელმა და ქვეყანამ დაკარგა პატიოსანი მოქალაქე!…ეს არის ივანიშვილის დღის წესრიგი!”- წერს გარდაცვლილის ახლობელი მაია კალანდია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ავარია 11 მარტს საღამოს საათებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მოხდა. ავტომობილი, რომელსაც პოლიციელი კობა კვიტანძე მართავდა ტროტუარზე მყოფ 24 წლის ახალგაზრდას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიჭი ადგილიდან გარკვეულ მანძილზე მოისროლა.
უმძიმესი დაზიანებებით ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
„შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ, პირდაპირ საავადმყოფოში წავედი ეს ამბავი რომ გავიგე. რამდენიმე საათი გრძელდებოდა ოპერაცია. ახლა საქმეს სამართალდამცავები იძიებენ. როგორც ვიცი, ბიჭი ფეხით მოძრაობდა, გზაზე არ გადადიოდა, ტროტუარზე იყო და ამ დროს დაეჯახა მანქანა, რომელსაც პოლიციელი მართავდა. აფხაზეთიდან დევნილია ეს პოლიციელი, კობა კვიტანძე, წლებია ჩვენს სოფელში, დარჩელში მუშაობს. ოპერატიული პოლიციის თანამშრომელია. არ მისული სოფლის ცენტრამდე მოხდა ეს მძიმე ფაქტი.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პოლიციელი, რომელიც ბიჭს დაეჯახა მთვრალი იყო და თითქოს მან მიატოვა ავარიის შემდეგ შემთხვევის ადგილი, მაგრამ ეს არ არის ასე. მას არ დაუტოვებია იქაურობა, იმ წუთიდან იქ იყო, მერე ექსპერტიზაზე წაიყვანეს და მერე დააკავეს” – ჰყვებოდა ავარიის მეორე დღეს ადგილობრივი.
წყარო: ambebi.ge