
თბილისში14 წლის მოზარდი ტრაგიკულად დაიღუპა. ახლობლების ინფორმაციით, გოგონა მერვე სართულიდან გადმოვარდა.
დაღუპული ნია ლალიაშვილი თბილისის 47-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
„47-ე სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სკოლის მეცხრე კლასელი მოსწავლის ნია ლალიაშვილის გარდაცვალების გამო.ნია გამორჩეული, თბილი და მეგობრული გოგონა იყო. მისი სიყვარული თითოეული ჩვენგანის გულს დააკლდება.უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!” – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში. ტრაგიკული შემთხვევა თბილისში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ნია ლალიაშვილი ეროვნული ორკესტრის მევიოლინის მაგდა ცინცაძის ქალიშვილი იყო, ასევე მუსიკოსია ნიას მამაც ვაჩე ლალიაშვილი. ნიკოლოზ რაჭველი მომხდართან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ჩვენი დიდი ოჯახის წევრი, ეროვნული ორკესტრის მევიოლინე და ჩვენი მეგობარი მაგდა ცინცაძე უკანასკნელად მოეფერა და შემდეგ ბოლომდე უყურა როგორ მიებარა მიწას მისი 14 წლის საოცარი ქალიშვილი… დღეს პირველად ვნახე ჩემი ორკესტრი გაქვავებული და შეძრული… ეს იყო ყველაზე მძიმე დღე, რაც ყველას ერთად გადაგვიტანია… ღმერთმა ჩაიკრას გულში მისი სპეტაკი სული და გაძლება მისცეს მაგდას და აგრეთვე შესანიშნავ მუსიკოს ვაჩეს, ნიაკოს მამას… ამ ხანმოკლე ვიდეოში ნიაკო დედასთან ერთად მღერის… და როგორ მღერის… თურმე საოპერო მომღერლობაზე ოცნებობდა… ახლა ანგელოზთა დასში იგალობებს…”.